შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, რომელზეც, სავარაუდოდ, თავდასხმა სცადეს, სავარაუდო დამნაშავეების გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
"მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ფაქტს გამოიძიებს და თავის დაცვა თავად არ მოუწევს.
"იყო მცდელობა თავდასხმის, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. მის გვარს არ დავასახელებ. დღეს ვინც იყო მოსული, არის ბინძური სულის, წარსულის, წინაპრების ადამიანი, თავის ბინძურ ბანდასთან ერთად. იმედია, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ბანდების თარეშს თბილისში და ჩვენ თავად არ გაგვიხდება თავი დასაცავი. ეს პიროვნებები არ იმსახურებენ ჩემგან მათი გვარის დასახელებას. ნამდვილად ვიცი, რომ ამ მცდელობის უკან დგას პიროვნებათა ჯგუფი, რომელთაც უნდათ, რომ თბილისში ისევ ის მოხდეს, რაც ადრე იყო. ვერავინ ვერ ითარეშებს, ვერავის ვერ ამოეფარებიან, რადგან ბანდა არის ბანდა. პოლიტიკურ წარსულს ვერავინ ვერ ამოეფარება,"-აცხადებს თემურ ხაჩიშვილი.
თემურ ხაჩიშვილის ადვოკატის თქმით, შემთხვევის სავარაუდო მოტივზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდეს. "ადგილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობას. მეგობრის ოფისში იყო მისული, სადაც, დაახლოებით, 10-12 მისთვის უცნობი ადამიანი შეიჭრა და ცდილობდნენ ძალის გამოყენებით ოფისში შევარდნას. რა იყო ამის მოტივი, რა მიზანი ჰქონდათ, ვინ დგას ამის უკან, ამის შესახებ დეტალურად მოვახსენეთ გამოძიებას და აწი უკვე გამოძიებაზეა დამოკიდებული, რამდენად გაარკვევენ ამ ყველაფერს, რამდენად არიან დაინტერესებული იმით, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცეს, თუ ისევ ვუბრუნდებით 90-იან წლებს, სადაც თვითანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი,"-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა 12-მდე პირმა სცადა. შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება. ცნობილია, რომ საქმის ფარგლებში გამოკითხულია როგორც სავარაუდო თავდასხმის ობიექტი, ისე, სავარაუდო თავდასხმაში მონაწილე პირები.