"ქართული ოცნების" პასუხი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს - იგორ გროსუ ამტკიცებს, რომ საქართველოს მისი ქვეყნის შურს, რადგან, მისივე თქმით, მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე წინ უფრო სწრაფად მიიწევს.
პასუხად, თბილისში აცხადებენ, რომ საქართველოს წარმატებასა და მაჩვენებლებზე საერთაშორისო რეიტინგები და ინდექსები მეტყველებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ ბრიუსელის მხრიდან, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ხშირად ხედავენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც კოლეგებისგან ისმენენ.
"ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ: საქართველო არავის არ ედრება, მით უმეტეს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც ევროპასთან ინტეგრაციის სხვა გზა აქვთ არჩეული - ერთს, როგორც ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, მეორე კი საერთოდ სხვა ქვეყანასთან გაერთიანების.
თუმცა, პერიოდულად ჩვენ გვიწევს კონკრეტული სტატისტიკის, მონაცემების მოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოსადმი უსამართლო და ცილისმწამებლურ შეფასებებს.
როდესაც დავინახავთ საქართველოს არასწორ შედარებას სხვა ქვეყნებთან, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის და ა.შ. მართულებით.
დაე, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ გადაწყვიტოს სად დგას დღეს რეალურად საქართველო - წინ არის თუ არ არის წინ, განსაკუთრებით უკრაინასთან, მოლდოვასთან შედარებით", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.