20 ნოემბერი 2026,   16:30
ვრცლად
ამჟამად, საჰაერო საფრთხე არ არსებობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის საზღვართან, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამჟამად საჰაერო საფრთხე არ არსებობს.

პრემიერის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

"თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშისა და შინაგან საქმეთა მინისტრ მარუშ კერვინსკისგან მივიღე ანგარიში ბილგორაის ოლქში, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. ამჟამად, საჰაერო საფრთხე არ არსებობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ", - წერს დონალდ ტუსკი.

პოლონეთის ხელისუფლება უკრაინის საზღვართან საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას იძიებს. ინციდენტი ღამით, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშის ფონზე მოხდა, რა დროსაც პოლონეთის ორ სასაზღვრო რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ბილგორაის ოლქში, სოფელ ნოვი ლიპოვეცთან, მინდორში ჩამოვარდნილი ობიექტის აფეთქების შემდეგ ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. ტერიტორიაზე ახლა მეხანძრე-მაშველები და პოლიცია მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვარდნილი ობიექტი რაკეტაა თუ დრონი.

ღამის განმავლობაში საჰაერო სივრცეს პოლონეთისა და მოკავშირეთა სამხედრო ავიაცია აკონტროლებდა. უსაფრთხოების ზომების გამო, დროებით შეჩერდა ჟეშუვის აეროპორტის მუშაობა, სადისპეტჩერო კოშკურიდან კი თანამშრომლების ევაკუაციაც განხორციელდა.

დღის ამბები