20 ნოემბერი 2026,   16:18
ვრცლად
ბერლინში, "მსურველთა კოალიციის" სამიტი დასრულდა - რა წერია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში

ბერლინში, "მსურველთა კოალიციის" სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, გაამკაცრებენ სანქციებს და არ გაათავისუფლებენ რუსულ გაყინულ აქტივებს.

მონაწილეებმა მოსკოვს ზამთრის პერიოდში "ენერგეტიკული ზავისკენაც" მოუწოდეს.

"ამ კოალიციის ყველა წევრმა, ყველამ, ვინც დღეს ამ დარბაზში იმყოფება, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა უკრაინას წინააღმდეგობის გასაწევად საჭირო შესაძლებლობები მიაწოდოს.

ყველა ქვეყანამ, რომელსაც რაკეტების გადაცემის რესურსი აქვს, ეს უნდა გააკეთოს. ეს ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპაც ჩაერთვება - მას ხუთი ქვეყანა, ევროკავშირი და NATO წარადგენენ.

"უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად მოითხოვდა, რომ ევროპა ყველა მოლაპარაკებაში ყოფილიყო წარმოდგენილი. ახლა ეს მიზანი მიღწეულია. ევროპას
მოლაპარაკებებში ხუთი ქვეყანა, ევროკავშირი და NATO წარმოადგენენ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომდგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ფორმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

"პრეზიდენტ ზელენსკისთან და "მსურველთა კოალიციასთან" მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ფორმებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ამ ძალისხმევის წარმართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

სამიტს სატელეფონო ზარით ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები