სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით, დარღვევა არ გამოვლინდა. საბავშვო ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს. ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით შემოწმებულია 70 ობიექტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული, რაც ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა.
პედიატრი თემურ მიქელაძე "რუსთავი 2-თან" ნოროვირუსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სეზონურად ნაწლავთა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გამო მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, ნოროვირუსი ახალი ინფექცია არ არის, მას სპორადული აფეთქებები ახასიათებს და ბავშვებში უპირატესად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.
მიქელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მკურნალობა სიმპტომურია, ანტიბიოტიკების დანიშვნა გამართლებული არ არის და მშობლებს მოუწოდებს, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ აჰყვებიან.
"ახლა სეზონურად, ზაფხულის ბოლოს არის მომართვიანობა გაზრდილი ნაწლავთა როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციების გამო. შესაბამისად, მომართვიანობა მეტ-ნაკლებად გადავადდა მაშინ, როდესაც ჩვენ ივნისში ველოდებოდით ხოლმე, პირიქით, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო მომართვიანობა ნაწლავთა ვირუსული ინფექციების გამო. ძირითადად მაინც ეს იყო ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, თუმცა თავიდანვე იყო რამდენიმე შემთხვევა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციებისა, როგორც იყო სალმონელა, ეშერიხია და ასე შემდეგ. ახლა, როდესაც სოციალიზაცია იზრდება, ანუ აქტივობა, სოციალური აქტივობა - ბაღები, სკოლები, შესაბამისად მომართვიანობა ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის და ჩვენი კლიმატის პირობებში იზრდება სწორედ სექტემბრის, ოქტომბრის დასაწყისში. თუმცაღა, როგორც წესი, ეს ნოროვირუსი, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, ამაზე ჩვენ 20 წლის წინაც ვსაუბრობდით.
ნაწლავთა ვირუსული ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი იყო როტავირუსი. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ კეთდება უამრავ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენთან, დაახლოებით 25 წელია როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და შესაბამისად, მსოფლიოშიც როტავირუსული ინფექციები ჩაანაცვლა სწორედ ნოროვირუსულმა ინფექციებმა.
რა არის ნოროვირუსი? ნოროვირუსს ახასიათებს სწორედ ასეთი სპორადული აფეთქებები, აი რაც ახლა იყო. მომართვიანობა ჩემთან იყო, არ გაზრდილა, დღეში დაახლოებით 15-20 პაციენტია. აქ უნდა გავმიჯნოთ ჩვენ რა არის ნაწლავთა ვირუსული ინფექცია, რა არის ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია და რა არის ენტეროვირუსული ინფექცია. ენტეროვირუსული ინფექცია არის აბსოლუტურად სხვა ჯგუფი და ამის გამოც იყო მომართვიანობა, ეს იყო კოკსაკი, ეხო და ასე შემდეგ. საერთოდ შეიძლება მას არ ახლდეს დიარეა და ასე შემდეგ.
რა ახასიათებს ნოროვირუსს? ნოროვირუსი მიმდინარეობს 1 ან 2-დღიანი მაღალი ცხელებით. უპირატესად ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით. ძირითადი მომართვიანობა არის ნაწლავთა ვირუსული ინფექციები. მე არც ვადიფერენცირებ ეს არის ნოროვირუსი, ენტერო-ადენოვირუსი დავუშვათ, თუ ასტროვირუსი და ასე შემდეგ, ან დავუშვათ ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია. საერთოდ არ მჭირდება მისი დიფერენცირება, რამეთუ, მკურნალობა, ტაქტიკა არის სიმპტომური და როგორც ნაწლავთა ბაქტერიულ ინფექციას, ისე ნოროვირუსულ ინფექციას თუ სხვა ნაწლავთა ვირუსულ ინფექციას ერთი და იგივე სჭირდება. საერთოდ არ უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკები, მათ შორის, თუ არ არის მძიმედ მიმდინარე ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, იქაც არ არის აუცილებელი ანტიბიოტიკების დანიშვნა. მკურნალობა არის სიმპტომური. ნოროვირუსს შეიძლება ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციის მსგავსი კლინიკა ახასიათებდეს, ზოგ შემთხვევებში შეიძლება იყოს სისხლიანი დიარეაც, ყოველ წელს მაქვს ასეთი შემთხვევები, იყო შარშანაც, იმის წინაც, ახლაც. მე არცერთი პაციენტი სტაციონარში არ გადამიგზავნია, მაგრამ როდესაც მშობელი ღელავს, რა თქმა უნდა, როცა არის ღებინება, მაღალი ცხელება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და უბრალოდ ნოროვირუსს რაც ახასიათებს - სპორადული აფეთქება, რაც ნიშნავს, რომ ბავშვების ჯგუფს რაღაც გარკვეულ დროში შეიძლება დაემართოს და ამიტომ გაიზარდა მომართვიანობა ერთი-ორი დღის განმავლობაში.
ძირითადად იყო შაბათ-კვირის პერიოდი, მეტ-ნაკლებად ამ პერიოდში ექიმები ამბულატორიულად პაციენტს ვერ იღებენ, შემდეგ როცა უკვე მათ მიმართავენ, ასეთი ეპიდემია და ასეთი პანიკური შიში მეტ-ნაკლებად ჩაცხრება ხოლმე.
ზუსტად მსგავსი კლინიკის მომართვიანობა მე პირადად მქონდა აგვისტოს შუა რიცხვებიდან და შესაბამისად გრძელდება ეხლაც. რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.
ნებისმიერ ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს ასაკის მიუხედავად. ეს იქნება ბაღი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სასკოლო დაწესებულებები თუ მოზრდილი ადამიანები. და საერთოდ ცნობილია, რომ ესენი ვითარდება ძირითადად სწორედ ასეთ ჯგუფებში ძირითადად ნოროვირუსული ინფექციები, ეგრეთ წოდებული სპორადული ეპიდ-აფეთქებებით და კიდევ ერთხელ, ეს არ არის ახალი, ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.
ძირითადი მომართვიანობა ყველა ექიმთან, პედიატრიულ პროფილთან არის 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, და შესაბამისად უფრო ხშირად. იმიტომ, რომ 6 წლის შემდეგ,12 წლის ბავშვს და 13 წლის ბავშვს თვითონ შეუძლია, საერთოდ მშობელს შეიძლება არც უთხრას და თვითონვე დაიწყოს ელექტროლიტული ხსნარის ან წყლის მიღება და ის ორ საათში შეიძლება თვითონ გამოჯანმრთელდეს.
შესაბამისად, არ უნდა ავყვეთ პანიკას, განსაკუთრებით სოციალურ სივრცეებს, სადაც უამრავი გადაუმოწმებელი მასალაა, ზოგ შემთხვევაში რაღაცაზე დაფუძნებული და უნდა დავუჯეროთ ექიმს,"- აცხადებს თემურ მიქელაძე.