სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლის გეგმა - მმართველი გუნდი ე.წ. არაბიზაციის კამპანიაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, უცხოური ძალების დავალებით, გარკვეული ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას და ეკონომიკაზე ზიანის მიყენებას ცდილობენ.
"ქართულ ოცნებაში", Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის პარალელურად, იხსენებენ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ პროტესტს, როდესაც რადიკალურმა ჯგუფებმა მიზანს მიაღწიეს და ქვეყანას 400 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.
"ქართულ ოცნებაში" საუბრობენ სტატისტიკურ მონაცემებზეც და ამბობენ, რომ ქვეყნის ე.წ. არაბიზაციის საფრთხე სრული სიცრუეა, ამას კი ადასტურებს საქართველოში ეთნიკური მოსახლეობის მაჩვენებელიც, რომლის მიხედვითაც 7 არაბული ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში მხოლოდ 0,3%-ია.
"მეგაპროექტებს რაც შეეხება, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, განსაკუთრებით რადიკალური ფრთისგან გამომდინარეობს ყოველთვის დარტყმა ამ პროექტებზე. გვახსოვს ნამახვანის ჰესის ამბავი. ასევე ახლა უნდათ, რომ ეს 6.5-მილიარდიანი პროექტი, იქნებ, რამენაირად ჩაშალონ. როცა ნახეს, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში ვერ მოდიან, არჩევნების გზით მათ საქართველოს მოსახლეობა, ამომრჩეველი არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებაში მოსვლისა, ახლა უნდათ, რომ, იქნებ, რამენაირად, ძირი გამოუთხარონ ქართულ ეკონომიკას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ჯორბენაძე.