20 სექტემბერი 2026,   10:07
ვრცლად
"თუკი რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული და მოინანიოს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით გარკვეულ პირობებზე" - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს და ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ზაქრო ალბუთაშვილს და ნიკა გვენცაძეს კი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

პროკურორი, როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე პირთან მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება და მთავარი საგამოძიებო უწყება ყველასთან ითანამშრომლებს.

"ზაქრო ალბუთაშვილმა და გიორგი ჩახუნაშვილმა მოგვმართეს განცხადებით, ადასტურებდნენ რომ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ასევე ინანიებდნენ. ჩვენ შორის მოხდა შეთანხმება გარკვეულ პირობებზე და დამტკიცდა მათთან დადებული საპროცესო შეთანხმება. გიორგი ჩახუნაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დარბაზიდან, ხოლო ზაქრო ალბუთაშვილი დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, რაც გულისხმობდა იმათ, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოლაპარაკების საგანია, ყველას სხვადასხვა პირობა აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ბრალის ხარისხის და ასე შემდეგ გათვალისწინებით. თუმცა, მინდა განვმარტო, რომ ზაქრო ალბუთაშვილს დიდი ხანი არ მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, იგი დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი არის კონფიდენციალური, ვერ დავასახელებ სახელს და გვარს, თუმცა რამდენიმე პირმა უკვე მოგვმართა, როგორც პროცესამდე, ასევე პროცესის შემდეგაც. თუკი რომელიმე მათგანთან შევთანხმდებით, თუკი რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული და მოინანიოს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით გარკვეულ პირობებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერს გავუწიოთ შეღავათი, თუკი მათი მხრიდან იქნება შემხვედრი, როგორც აღიარება, ასევე მონანიება,“ - აცხადებს პროკურორი, როინ ხინთიბიძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები