ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვები ამ ეტაპზე დასრულებულია. გამომძიებელთა შეკითხვებს ბოლოს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ უპასუხა. მან სხვა მოწმეებთან ერთად დაადასტურა, რომ საქმეზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. სწორედ ჩუბინიძემ ჩაწერა ლაზარე ჯორბენაძესთან დავით გარეჯის თემაზე ინტერვიუ, თუმცა ამავე ინტერვიუს აუდიო ჩანაწერით გაირკვა, რომ ჯორბენაძეს გაჟღერებული ბრალდებების და ტერიტორიების გასხვისების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჰქონდა.
"ქართული ოცნება" მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და მის დამკვეთად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ სენსიტიურ თემაზე ფაქტების გარეშე საუბარი მიუღებელია:
"ყველა ამბობს, რომ არაფერი არ ვიცი, არაფერი არ გამიგია, არა მაქვს მტკიცებულებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც საჯაროდ აქვეყნებ ისეთ წერილს, სადაც მიუთითებ ფაქტებს, ადამიანებს, ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით და მერე ყველა ეს ადამიანი, მათ შორის ამ წერილის ავტორი ამბობს, რომ არა მე ფაქტები არა მაქვს და არაფერი არ ვიცი ამასთან დაკავშირებითო. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს.
პირველი, რომ ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ საზოგადოებას რაღაც მოლოდინს უქმნი, მერე ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს და ბუნებრივია, რომ ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. რაც ამ ეტაპზე ჩანს, არანაირი ფაქტი ამ საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.