ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით დღეს გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს მორიგი ტყუილია, რომელიც ნახევარ საათში გამჟღავნდა.
მისივე თქმით, გვერდი, სადაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა გიორგი გახარიასთან არის დაკავშირებული, მისგან კი, მსგავსი ტყუილი არავის უკვირს:
ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა:
"ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას.
ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემობრუნდა და ჭორების გავრცელება დაიწყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხმები წაეღო. ადამიანი, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში ახალგაზრდებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და როდესაც უკვე ნახა, რომ შეიძლებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ბინძურად ხელი შეაწმინდა ჩვენს პოლიციელებს. შესაბამისად, ბატონი გახარიასგან ასეთი მოქმედებები არავის უკვირს. ეს ტყუილიც ნახევარ საათში გამომჟღავნდა," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.