კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით სარჩელი სრულად დასაბუთებულია, რადგან დასახელებული პარტიების მიერ ჩადენილი დანაშაულების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.
მისივე თქმით, ანტიკონსტიტუციური პარტიების გაუქმება ევროპული პრაქტიკაა და ბრიუსელიდან გაჟღერებული კრიტიკის მიუხედავად, მსგავსი მექანიზმები სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება.
"რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და ის პარტიები, რომლებიც ჩვენ აღწერილი გვყავს ამ სარჩელში, არიან ანტიკონსტიტუციურები. ამისთვის გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან დარწმუნებული ჩვენ არგუმენტებში და შევძლებთ დავარწმუნოთ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტების სისწორეში.
ბევრი სხვა სარჩელისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული ვადები და ამ კონკრეტულ ვადებში, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩაეტევა სასამართლო. კომუნიკაცია არ ყოფილა, კომუნიკაცია იქნება სავარაუდოდ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ ჩანიშნოს უკვე სხდომები.
რაც შეეხება შინაარსს და დასაბუთებულობა ჩვენი სარჩელის, რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს პარტიები არის არაკონსტიტუციური? როდესაც ჩვენ გვესმის მსჯელობა გერმანიაში, მაგალითად, რომ აი ახლა კიდე განახლდა ეს მსჯელობა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა თავად, მთავრობის წარმომადგენლებმა მათ შორის, თავად განაცხადეს, რომ უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ აკრძალონ AFD, პარტია, რომელმაც ახლახან გაიმარჯვა ერთ-ერთ მიწაზე და პარტია, რომელსაც დღეს გერმანიაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, პირველ ადგილზეა მხარდამჭერების რაოდენობით და რეიტინგით, აი ამ პარტიის აკრძალვაზე საუბრობს ისე, რომ არაფერი არ ჩაუდენია. ეს პარტია არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში, არაფერი არ ჩაუდენია საერთოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შეიძლება რაღაცა დააშავონ და ვიღაც-ვიღაცებს განცხადებები არ მოგწონსო, მხოლოდ ამის გამო უნდათ, რომ მიმართონ სასამართლოს და აკრძალონ ეს პარტია.
ჩვენ შემთხვევაში გვაქვს საუბარი პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს ამ ქვეყანაში, რომლებმაც ტერიტორიები დატოვეს უბრძოლველად. პარტიები, რომლებმაც ბიზნესის რეკეტის სისტემა შექმნეს ამ ქვეყანაში და ა.შ. აქვთ მთელი კატალოგი დანაშაულებისა, რომელიც მათ უკვე ჩადენილი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვა და განცხადება, ეს არის საქმე. რა თქმა უნდა, პარტიის პასუხისმგებლობა, კოლექტიური პასუხისმგებლობაა,"- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელის კრიტიკასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ანტიკონსტიტუციურ ძალებს პოლიტიკურ სივრცეში არაფერი ესაქმებათ, რაც თავად საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული:
"ჩვენი სარჩელი, განსხვავებით გერმანიის მცდელობისა, განსხვავებით მათ შორის უკრაინაში და მოლდოვაში, 20 პარტიაზე მეტი გააუქმეს უკრაინაში და თუ არ ვცდები, 3 პარტია გააუქმეს მოლდოვაში, მათ შორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნეს ორი პარტია მოლდოვის არჩევნებში. ასე რომ, როდესაც ჩვენ კრიტიკოსების ხმები გვესმის, მათ შორის ბრიუსელიდან, რომ პარტიის გაუქმება როგორ შეიძლება, ძალიან კარგადაც შეიძლება. თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, მას არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში და ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუციაც. ვინმეს თუ სხვა წარმოდგენა აქვს, მიხედოს თავის კონსტიტუციას,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.