ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია "რეფორმის" ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების მკვეთრ შეზღუდვაზე საუბრობს.
ფარაჯის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოხატვასთან დაკავშირებული დანაშაულების გამო 62 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის TikTok-ის ვიდეოების ყურებისა თუ სოციალურ ქსელში გაკეთებული ხუმრობების გამო.
პოლიტიკოსი კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი პარტია "უფლებათა ახალი ბრიტანული კანონით" სიტყვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრიტანეთში 62 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს გამოხატვასთან დაკავშირებული დანაშაულების გამო - ზოგიერთი მათგანი TikTok-ის ვიდეოების ყურების გამოც კი!
ლუსი კონოლი ზღვარგადასული ტვიტის გამო ციხეში ჩასვეს. გრემ ლინეჰანი კი ჰითროუს აეროპორტში ხუთმა შეიარაღებულმა პოლიციელმა უბრალო ხუმრობის გამო დააკავა.
წლების განმავლობაში კონსერვატიული პარტია დიდ ბრიტანეთში ნელ-ნელა ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას, ლეიბორისტებმა კი ის საბოლოოდ წყალს გაატანეს.
პარტია "რეფორმა" უზრუნველყოფს, რომ სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს "უფლებათა ახალი ბრიტანული კანონით". არცერთი ბრიტანელი არ უნდა დააკავონ უბრალოდ TikTok-ის ვიდეოს ყურების გამო,"- აცხადებს ნაიჯელ ფარაჯი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.