მარტა კოსი კანდიდატი ქვეყნებისგან მოითხოვს დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევრობიუროკრატები თვითიზოლაციისკენ არიან მიდრეკილი და იმავეს კანდიდატ ქვეყნებსაც სთხოვენ, რაც ყველა სუვერენული სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მარტა კოსმა დონალდ ტრამპის მოძრაობა მტრულ ძალად გუშინ, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე გამოაცხადა. ევროკავშირის მაღალი რანგის პოლიტიკოსმა თქვა, რომ MAGA ბრიუსელის გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება, რის გამოც გაერთიანებაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა მოძრაობასთან ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტონ.
ოფიციალური თბილისისთვის კოსის განცხადება დემოკრატიის უგულებელყოფისა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი ჩიხშია შესული, ბიუროკრატიამ კი თანასწორუფლებიანი პარტნიორობის პრინციპი დააზიანა. მათი შეფასებით, ბრიუსელმა უნდა გადახედოს პოლიტიკას, რომელმაც მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობები გააუარესა.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველო მაშინ, როდესაც ევროკავშირი მისგან მრავალწლიანი პარტნიორის დაკარგვას მოითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათთვის ერთადერთი პრიორიტეტი ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაა. გახარიას პარტიაში კი კონკრეტულ პასუხს თავს არიდებენ და ამბობენ, რომ ბრიუსელ-ვაშინგტონის კრიზისი დაძლევადია.
მაშინ როდესაც საქართველო შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ცდილობს, ვაშინგტონისგან იზოლაციისკენ მოწოდება კატეგორიულად მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა მარტა კოსის განცხადებას ტრაგიკული უწოდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის უსაფრთხოებას სწორედ ამერიკა უზრუნველყოფდა.
ევროკომისრის განცხადების შეფასება ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურსაც სთხოვეს. ირაკლი კობახიძის თქმით, მრავალი პრობლემის წინაშე მდგარი ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად მათ გაღვივებაზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიუსელი იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსწორებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომლებთან პარტნიორობაც მიკერძოებული პოლიტიკის გამო დაზიანდა.
მარტა კოსის განცხადებას კრიტიკა უკვე მოჰყვა ევროპის შიგნითაც. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკომისრის პოზიცია ბრიუსელის საერთო პოლიტიკას ასახავს და აზიანებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, ქვეყანასთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროგაერთიანების ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი იყო.