11 სექტემბერი 2026,   19:03
ვრცლად
118 წუთში ჩატეული საქართველოს უახლესი ისტორია - ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის "გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის "გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართა. კინოსურათის პრემიერას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ყველაზე პრესტიჟულ კინოსცენაზე ფილმის მსოფლიო პრემიერა ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

კინოსურათი ფესტივალის Spotlight სექციაშია წარმოდგენილი, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

118 წუთში ჩატეული საქართველოს უახლესი ისტორია, შავ-თეთრ კადრებში გაცოცხლებული გურული ამბები და ტრაგიკომედიის ჟანრში დანახული ეპოქა - "გურია" Spotlight   სექციისთვის შერჩეულ რვა ფილმს შორისაა. ფილმის მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესი, განსაკუთრებულად ელოდებიან უცხოელი კინოკრიტიკოსების შეფასებებს.

პრემიერასთან ერთად, ვენეციაში პრესისთვის ფილმის სპეციალური ჩვენება და ქართული მიღება მოეწყო, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს, კინოინდუსტრიის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

"გურია" საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 10 დღიანი კინო მარათონის შემდეგ 12 სექტემბერს დასრულდება და წლევანდელ გამარჯვებულებს ოქროს ლომით დააჯილდოებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები