ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. დღეს კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს.
უკვე გამოკითხულია 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ამბობს, რომ
"პოლიტიკურ მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გარკვეული ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა და ურთიერთკავშირის დანახვა ნამდვილად შეიძლება ღარიბაშვილის წერილსა და რადიკალური ოპოზიციის ამ წერილზე აგებულ დღის წესრიგს შორის. როგორც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თურმე ეს ყველაფერი ყოფილა მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ადამიანურ ტრაგედიაზე პოლიტიკური კაპიტალიზების მცდელობა. როგორც ვნახეთ, დაკითხვაზე შესვლამდე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები და შესვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში, ეს იყო მორიგი სპეკულაცია ამ ადამიანურ ტრაგედიაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ორმაგად სამწუხაროა ის, რომ რადიკალური ოპოზიციისათვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.