თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ალტერნატივის სახით კი 20 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული.
"ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ყოფილიყო დატოვებული. ალტერნატივის სახით შევთავაზეთ გირაო 20 000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს გირაოს გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდა. საქმე არის დაწყებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც თითქოსდა თამაზ ელიზბარაშვილი ვინმეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით", - აცხადებს ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი.
ცნობისთვის: პროკურატურის ინფორმაციით, 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილსა და ერთ-ერთ დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, 31 აგვისტოს ელიზბარაშვილი შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა და დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, რესტორანში შეიჭრა. პროკურატურამ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.