06 სექტემბერი 2026,   02:04
ვრცლად
გამოკითხვები ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე - პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, მათი ერთადერთი წყარო კი ყოფილი პრემიერის წერილი იყო

დღე მეორე, 8 მოწმე და არც ერთი დამატებითი ინფორმაცია - ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის საქმეზე, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, დღეს თაზო დათუნაშვილი, ხატია დეკანოიძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ირმა ინაშვილი გამოიკითხნენ. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, მათი ერთადერთი წყარო კი ირაკლი ღარიბაშვილის წერილი იყო. თავად წერილის ავტორი გუშინ რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა. პროკურორის განმარტებით, მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმის გარემოებებს არ იცნობს.

პირველი, ვინც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა, თაზო დათუნაშვილი იყო. მასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ხატია დეკანოიძემაც მიიღეს. პოლიტიკოსებმა სხდომათა დარბაზში შესვლამდე და მისი დატოვების შემდეგაც თქვეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე არაფერი იციან და ამ პიროვნების არსებობის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს.

ციხიდან დაწყებული პროვოკაცია, რომელიც ციხის მიღმა ოპოზიციამ გააგრძელა - მმართველი გუნდისთვის მსჯავრდებული ღარიბაშვილისა და მათი ოპონენტების რიტორიკის თანხვედრა იმის დასტურია, რომ ერთ დროს პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს საერთო მიზანი აქვთ - მანიპულაციური გზით ხელისუფლების დისკრედიტაცია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციისა და ღარიბაშვილის სპეკულაციას წერტილი პროკურატურამ დაუსვა, როცა გამოსაკითხ პირთა სია გამოაქვეყნა, სიაში მყოფებს კი იმის აღიარება მოუწიათ, რომ ჯორბენაძის საქმეზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის საქმე გახსნილია. ჩატარდა არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
სისხლის სამართლის საქმეში დევს ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება, სადაც ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს და დანაშაულს გამორიცხავს. ამის მიუხედავად, თვითმკვლელობის ფაქტი ეჭვქვეშ ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა დააყენა, შემდეგ კი ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში არაერთმა ოპოზიციონერმა გაავრცელა. მათ შორის იყო ირმა ინაშვილიც, რომელმაც დღეს გამომძიებლების კითხვებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში უპასუხა.

მაშინ, როცა ერთ მხარეს მტკიცებულებები, მეორე მხარეს კი უსაფუძვლო ბრალდებები დევს, "ქართული ოცნების" თქმით, სახეზეა პოლიტიკური ჭორაობა. მმართველი გუნდის წევრებმა ყოფილ თანაგუნდელს დღეს სამართლებრივი წარსული გაახსენეს, აღიარებული და მონანიებული კორუფციული დანაშაული და ახალი ბრალი, 750 000 ლარის ქრთამის აღების საქმე, რომელშიც ღარიბაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები დევს.

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო სულ 11 პირის გამოკითხვაა დაგეგმილი, უმეტესობამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა უკვე მიიღო, მათ შორის, გუშინ გამოიკითხა ნიკა გვარამია, გიორგი გიგაური, გია ხუხაშვილი და მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კიდევ ერთ საქმეზე ვერდიქტის მოლოდინშია.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები