გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, აღმოსავლეთ გერმანიაში კვირას დაგეგმილი არჩევნები კარგს არაფერს მოუტანს, მხოლოდ სხვადასხვა ხარისხის პოლიტიკურ დამცირებას, - წერს გავლენიანი გამოცემა POLITICO.
მედიის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მოსალოდნელია, რომ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რითაც მნიშვნელოვნად გაუსწრებს მერცის "კონსერვატორებს". ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაიმყარეს ულტრამემარჯვენე ძალებმა თავიანთი პოზიციები და აჯობეს ძირითად პარტიებს ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე.
როგორც POLITICO წერს, მერცისთვის ეს პოლიტიკური დამცირება კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ "ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების უმრავლესობას მოიპოვებს და რეგიონულ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ექნება, რაც მას ტერიტორიის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას მისცემს. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ტრადიციული პოლიტიკური ძალების თვალსაზრისით, ეს მერცს ქვეყნის ომის შემდგომ ისტორიაში სამარცხვინო ადგილს დაუმკვიდრებს - როგორც ეროვნულ ლიდერს, რომლის მმართველობის დროსაც ულტრამემარჯვენე ძალამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოიპოვა რეალური მმართველობის შესაძლებლობა.
მაგრამ არჩევნების სხვა სავარაუდო შედეგებიც, მერცს მდგომარეობას დიდად ვერ შეუმსუბუქებს.
თუ AfD რეგიონულ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, რაც ბოლო გამოკითხვების მიხედვით სულ უფრო სავარაუდო ხდება, მერცის "ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირი (CDU), რომელიც მეორე ადგილზეა, არაერთი მიუღებელი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, რადგან მას მოუწევს მემარცხენე პარტიებთან კოალიციის შექმნა. ნებისმიერი ასეთი ალიანსი, სავარაუდოდ, თავიდანვე განწირული იქნება, რადგან კანონების მისაღებად ულტრამემარცხენეების ან ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
მედიის ინფორმაციით, ასევე იზრდება შეშფოთება, რომ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) შესაძლოა კვირას არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვისაც ემზადებოდეს. პარტიამ უკვე გაავრცელა პრესრელიზები, რომლებშიც ფოსტით ხმის მიცემის სისტემას ეჭვქვეშ აყენებს და მისმა წამყვანმა კანდიდატმა, ულრიხ ზიგმუნდმა, მსგავსი შეშფოთება სოციალურ მედიაშიც გამოთქვა.
POLITICO-ს შეფასებით, კვირას, არჩევნების შედეგის მიუხედავად, მერცისთვის - ისედაც ისტორიულად სუსტი ლიდერისთვის - შესაძლოა ისეთი მოვლენების ჯაჭვი დაიწყოს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მისი დაცემა გამოიწვიოს. გაურკვეველია, აქვს თუ არა კანცლერს შედეგებთან გამკლავების მკაფიო სტრატეგია.
"არჩევნების წინა პერიოდში, მერცი, როგორც ჩანს თითქმის უარყოფის მდგომარეობაში იმყოფებოდა", - წერს POLITICO.
"დღეს არ ვაპირებ სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა მოხდება [არჩევნების] მომდევნო დღეს. ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ საქსონია-ანჰალტის რადიკალების ხელში ჩავარდნა", - განაცხადა მერცმა.