ინფორმაციის მასშტაბური გაჟონვის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ქვეყნის თანამედროვე შეიარაღების მარაგების შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაციის მედიაში გაჟონვას ეხება, აშშ-ის რამდენიმე მაღალჩინოსანმა პოლიგრაფიული ტესტი ჩააბარა, - ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, ინფორმაციის გაჟონვის გამო, პრეზიდენტი ტრამპი განრისხებული იყო.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შესახებ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ადამიანთა ძალიან მცირე წრეს ჰქონდა და არსებობდა ეჭვი, რომ რომელიმე მათგანი უცხოური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ
მოქმედებდა.
ოფიციალური პირების განმარტებით, პოლიგრაფიული ტესტირება ხშირად მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის რუტინული პროცედურების ნაწილია, თუმცა, მედიის ცნობით, ტესტირებისთვის გამოძახებული ადამიანების დიდი რაოდენობა "უკიდურესად იშვიათი მოვლენა იყო".
CBS News-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ტესტები რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჩააბარა, მათ შორის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ზოგიერთმა თანამდებობის პირმა და სხვა საბრძოლო მეთაურებმა.
პოლიგრაფის შეკითხვები დეტალურად ეხებოდა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. ორმა წყარომ განაცხადა, რომ იმ შეკითხვებზე, რომლებიც მედიასთან ინფორმაციის შესაძლო გაჟონვას ეხებოდა, უარყოფითი შედეგი არცერთ ოფიციალურ პირს არ უჩვენებია.
პენტაგონის მთავარმა სპიკერმა, შონ პარნელმა, პარასკევს საღამოს CBS News-ისთვის მიცემულ განცხადებაში აღნიშნა: "დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს შიდა პერსონალის ან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა საიდუმლო ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის ნებისმიერ გაჟონვას უაღრესად სერიოზულად ეკიდება და შესაბამის გამოძიებას ატარებს. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და მთელ მსოფლიოში განლაგებული ჩვენი ჯარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".