14 500 დოლარი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვეს, თუმცა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ დაპირება ვერ შეასრულა. ამიტომ საქმეში თაღლითებთან კავშირში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ. საბოლოოდ კი, თურქეთის ერთი და საქართველოს ოთხი მოქალაქე დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ბინადრობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი თაღლითური სქემა გაშიფრა. უწყებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერიც, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა თურქმენეთის ერთ-ერთ მოქალაქეს საქართველოში კანონიერად ყოფნის სანაცვლოდ 4000 დოლარი მოსთხოვა.
ბრალდებულის მიერ უკანონო დაპირება ვერც ამჯერად შესრულდა, თუმცა თაღლითობაში მხილებულმა საქართველოს მოქალაქემ უკანონო გარიგებით გათვალისწინებული თანხა მაინც მიიღო. დაკავებული ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი განთავსების იზოლატორში ელოდება.
სუს-ის მიერ გახსნილ ორივე საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.