საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე "ოსკარი" ქართულ ფილმს წარადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხდება.
ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც საკონკურსო განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღებს.
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის: ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს; უნდა იყოს წარმოებული საქართველოში; ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე; ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები; შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1 ოქტომბერს და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხ. https://shorturl.at/PD9BH.
წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. შედეგები 2026 წლის 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი.
1996 წლიდან დღემდე, საქართველომ „ოსკარზე“ 20-ზე მეტი ფილმი წარადგინა.
1996 წელს, ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი“, რომელიც საქართველოს სახელით იყო წარდგენილი, „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში, საბოლოო ნომინანტების ხუთეულში მოხვდა. 2014 წელს, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიის მოკლე სიაში, საუკეთესო ცხრა ფილმს შორის დასახელდა. 2014 წელს კი, ზაზა ურუშაძის „მანდარინები" (საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქცია) საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ნომინანტთა შორის იყო," - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.