სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში დღეს რამდენიმე პირია დაბარებული. მათ შორის არიან აფხაზეთი ომის უშუალო მონაწილეები.
პროკურატურამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გია ბარამიძის ნათქვამი არის მტკნარი სიცრუე, სიბრიყვე და მოღალატეობრივი განცხადება.
"გია ბარამიძემ რაც თქვა, ერთი მხრივ, არის მტკნარი სიცრუე, მეორე მხრივ, სიბრიყვე. და მესამე, ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება.
მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი ვეტერანების, მათი პოზიციის. ეს მათთვის არის შეურაცხმყოფელი. ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცს და საქართველოს არასოდეს დაუხვრეტია არცერთი ტყვე," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.