კახეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები და გმირის თანასოფლელები დაესწრნენ. მათ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების თავდადებასა და ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის რეგიონში ტყვედ ჩავარდა, რა დროსაც მოწინააღმდეგეებმა ის სასტიკად აწამეს და მოკლეს. სამშობლოს დაცვისას გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და თავდადებისთვის, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.