საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
დამსვენებლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შაორის ტბის მიმდებარედ მაშველთა ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით პატრულირებენ, ხოლო კურორტ ბახმაროში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები. გადაუდებელი დახმარების საჭიროების, ასევე, დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში.