17 ივლისი 2026,   00:54
ვრცლად
ნიუ-იორკში კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის "ოდისეას" პრემიერა გაიმართა - კინოკრიტიკოსების მას "წლის ფილმი" და "შედევრი" უწოდეს

ათწლიანი სახიფათო მოგზაურობა ღია ზღვაში, ბრძოლა მითიურ ციკლოპებთან და კაცობრიობის ისტორიაში ერთ ერთ უძველესი თავგადასავალი, ასე გამოიყურება კრისტოფერ ნოლანის ყველაზე ამბიციური კინოპროექტი "ოდისეა", რომელმაც მსოფლიო ეკრანებამდე ნიუ იორკისა და ლონდონის წითელი ხალიჩა უკვე დაიპყრო.

250 მილიონიანი ბიუჯეტით შექმნილი სამსაათიანი ეპოსი მაყურებელს ანტიკურ სამყაროში ამოგზაურებს. ოსკაროსანმა რეჟისორმა სცენარი ჰომეროსის 3000 წლის წინანდელი პოემის მიხედვით თავად დაწერა. მიუხედავად ადაპტაციისა, მისი ვერსია ორიგინალი ტექსტის ერთგული დარჩა.

წლის ყველაზე რეზონანსული კინომოვლენის მთავარი ძალა მის ვარსკვლავურ შემადგენლობაშია. წითელ ხალიჩაზე მაყურებელმა მეთ დაიმონი, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუი, რობერტ პატინსონი, შარლიზ ტერონი და სხვა მსახიობები იხილა. ფილმის ერთ ერთ მთავარი ვარსკვლავი ზენდეიაა, რომელიც ქალღმერთ ათენას განასახიერებს. განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა რობერტ პატინსონმა, მეთ დაიმონს კი ოდისევსის როლის განსახიერებისთვის უკვე „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტად განიხილავენ.

ფილმის სიუჟეტი ჰომეროსის კლასიკურ პოემას მიჰყვება და ითაკას მეფის ოდისევსის 10 წლიან ოდისეას აღწერს. შინისაკენ მიმავალ გზაზე გმირს ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს იმისათვის, რომ თავის ერთგულ მეუღლეს, პენელოპეს დაუბრუნდეს.

რეჟისორმა აქცენტი ამბის ფსიქოლოგიურ და ემოციურ სიღრმეზე, ომის შემდგომ ტრავმასა და იმედგაცრუებაზე გააკეთა. "ოდისეა" კინოს ისტორიაში პირველი მხატვრული ფილმია, რომელიც სრულად IMAX კამერებითაა გადაღებული. მაყურებლისთვის რეალობის განცდა რომ გაემძაფრებინათ, გადაღებები შუა ზღვაში მიმდინარეობდა, სადაც მსახიობებს სტიქიურ მოვლენებთან უწევდათ გამკლავება.

ბოლო ათწლეულების ერთ ერთ ყველაზე გახმაურებულ ეკრანიზაციას მაყურებელი მოუთმენლად ელოდება.

ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში 17 ივლისიდან დაიწყება.

დღის ამბები