15 ივლისი 2026,   15:08
ვრცლად
"კომერციული ობიექტების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფების გაწმენდისთვის, დახმარება ცოცხალი ძალით გრძელდება" - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

თელავში სტიქიის ზონაში ამ დრომდე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოები 3 ძირითად ლოკაციაზე გრძელდება და ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ვარდოშვილის ქუჩაზე მეოთხე დღეა მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

სპეციალისტებმა არსებული ვითარება შეისწავლეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, როდის აღდგება მოძრაობა და როდის გაიხსნება ადგილზე მდებარე ობიექტები. ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა.

"მოვლენების ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე დატანილია, 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები სათავე ნაგებობის მიმართულებით და სოფელი გულგულა-ვარდისუბნის მიმდებარედ კეთდება ნაპირდამცავი გაბიონი იმისათვის, რომ 2-კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეუქმნას საფრთხე პირველ რიგში სასოფლო-სამეურვეო სავარგულებს.

ასევე, ცოცხალი ძალით გრძელდება დახმარება კომერციული ობიექტების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფების გაწმენდისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სამ სოფელს, რომელსაც შეზღუდვით მიეწოდება წყალი, ეს არის კისისხევი, წინანდალი და ვარდისუბანი, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა სათავე ნაგებობები მოწესრიგდეს და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება აღნიშნულ სოფლებში. რაც შეეხება ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას ქალაქ თელავში, ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან უკვე მოწესრიგებული იყო და კომუნალური სერვისების მიწოდება შეუზღუდავად ხდებოდა ფაქტობრივად მეორე დღიდანვე ქალაქ თელავში“, - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის განცხადებით, თელავის ხევში გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახური სრული შემადგენლობით არის ჩართული.

"თელავის ხევში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩართული ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის სრული შემადგენლობა. მიმდინარეობს სანიტარული ჭრები, რათა მოხდეს ახალი გზის გაყვანა დამბასთან. ასევე, დამბასთან ჩახერგილია დიდი რაოდენობით მოტეხილი ხეები. მიმდინარეობს მისი დანაწევრება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ კვლავ ჩახერგვა და წყლის დაგროვება. სატყეო სამსახური სრულად არის მობილიზებული“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი.

დღის ამბები