13 ივლისი 2026,   15:30
ვრცლად
მერაბ დვალიშვილის გამარჯვება ამჯერად თბილისში - UFC-ის ლეგენდების სტუმრობა და საქართველოთი მოხიბლული ჰენრი სეჰუდო

მეტეხის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გორგასლის ძეგლთან მისულ ჩემპიონს საპატიო მისია აქვს: ამერიკიდან ჩამოსულ ლეგენდარულ მებრძოლებს სამშობლოში სათანადოდ უნდა უმასპინძლოს: თავისი ქვეყნის ისტორია გააცნოს, მათთან ერთად გადმოხედოს მტკვარს, საუკუნოვან ეკლესიებსა და ძველ თბილისურ აივნებს.

სათქმელი და გასახსენებელი ბევრი აქვს, თუმცა ამ შეხვედრის მთავარი გმირები მაინც ადამიანები არიან - გულშემატკივრები, რომლებიც MMA-ის ჩემპიონთან შესახვედრად შეიკრიბნენ. ზოგი ფოტოსთვის დგას რიგში, ზოგი რამდენიმე სიტყვის სათქმელად ან ჩასახუტებლად მოდის, ზოგისთვის კი ერთი ავტოგრაფიც დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

თბილისურ ტატამზე მერაბ დვალიშვილის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეჰუდოა. ის კაცი ერთ დროს UFC-ში დაპირისპირებისას ქამარი რომ წაართვა. სანამ მუშტს აგემებს, სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონი მეტოქეს ქართულ სუფრასთან ეპატიჟება.

მეტოქე დალევაშიც გამოსცადა და ქართული კერძებიც დააგემოვნებინა, იქვე სუფრასთან გაიმართა პირისპირ დგომიც კიდევ ერთი ჩემპიონის მონაწილეობით.

ეს საქართველოთი მოხიბლული სეჰუდო რისი სეჰუდოა, ჯერ არცერთი ქართული სიტყვა არ იცის და ჩვენთან შეხვედრისას თარჯიმნობას მწვრთნელს სთხოვს.

ჰენრი სეჰუდომ კურიერი პ.ს.-ის კამერასთან არც ის დამალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის უნდოდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში დიდი საჭიდაო ტურნირები იმართებოდა და ოლიმპიურ ჩემპიონს მათში მონაწილეობა სურდა.

იმედი აქვს, რომ სულ მალე აქ კიდევ ერთი დიდი ტურნირისთვის ჩამოვა და ეს UFC-is შეჯიბრი იქნება.

საქართველოს შესახებ მოთხრობილ ისტორიებს ჰენრი სეჰუდო ჭრელ აბანოსთან, ძველი თბილისის ქუჩებში ისმენდა, თბილისელები მას ისეთივე სითბოთი ხვდებოდნენ, როგორც ქართველ სპორტსმენებს.

ვანის რაიონის სოფელ სულორი ის ადგილია, სადაც მერაბ დვალიშვილმა ბავშვობა გაატარა. ძველი, ორსართულიანი სახლი, ეზო, სტადიონი - პატარა სოფლის ყველა კუნჭულში მისი ბავშვობის მოგონებები ცხოვრობს. სპორტსმენის მშობლები - ამირან და დარეჯან დვალიშვილები მერაბისთვის ყოველთვის მთავარი საყრდენები იყვნენ.

სწავლა სულორის საშუალო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდა. მისი სპორტული მონაცემები, თავდაპირველად, ფიზკულტურის მასწავლებელმა შეამჩნია. სოფლიდან გადმოსულ ბიჭს სპორტი აინტერესებდა, თუმცა ოჯახს უჭირდა და მაშინ სურვილის ასრულება ვერ შეძლო. სკოლის ასაკში ვერა, მაგრამ, მოგვიანებით, სამბოსა და ძიუდოში ვარჯიში მაინც დაიწყო.

დაუღალავმა შრომამ, ბრძოლამ, მისმა უდრეკმა ხასიათმა ოცნებების ახდენის ქვეყანაში წაიყვანა და არნახულ წარმატებამდე მიიყვანა, მაგრამ იქამდე იყო ბევრი იმედგაცრუება. 21 წლის მერაბ დვალიშვილი ვიდრე ამერიკაში ვარჯიშს დაიწყებდა, მშენებლობაზე ფიზიკურად მუშაობდა, თავდაპირველად - სამშენებლო ნარჩენების მზიდავად.

მერე მანქანასავით ამუშავდა და აღარც გაჩერებულა. ტრადიციას არ არღვევს და, ოქტაგონზე გასვლამდე, ეროვნული სამოსით გამოდის და ცეკვავს. საქართველო მის გულზე და გულშია. გადამწყვეტ ბრძოლამდეც და ბრძოლის დროსაც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ფიქრობს.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ცხოვრებისეულ სირთულეები კედელივით დაამსხვრია და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი გახდა.

ჩემპიონის საჩემპიონო ბრძოლა ქამრისთვის შემოდგომით იქნება, აპირებს რომ ქამარი დროულად დაიბრუნოს.

ლეგენდარული სპორტსმენების თანავარსკვლავედი- ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები თბილისში რაფ ჯორჯიას შეხვედრამ შეკრიბა. ეს არის პირველი შემთხვევა როცა ამერიკის პროფესიული ჭიდაობის ასოციაცია შეხვედრას საზღვრებს მიღმა მართავს. ამ მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველო შესაძლოა 2027 წელს UFC-ის მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი პირდაპირი ეთერით გადაიცა Fox Nation-სა და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე და მას მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. ღონისძიების გახსნაზე შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნები. საქართველოს ჰიმნი ნატალია ქუთათელაძემ, ხოლო აშშ-ის ჰიმნო ნინი აირისმა შეასრულეს.

დიდ ტურნირში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 24 გამორჩეულმა სპორტსმენმა, მათ შორის ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა, საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენლებმა. ტურნირის მთავარი ბრძოლა სწორედ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეhუდოს დაპირისპირება იყო

დღეს მერაბ დვალიშვილის სახელი ვანის რაიონის ერთ პატარა სოფელში კი არა, უკვე ოკეანის გაღმა, დიდმაც და პატარამაც კარგად იცის, ის გასულ კვირას world mmma aword-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სტატუსი ქართველ მებრძოლს ერგო.

მერაბ დვალიშვილის ცხოვრების ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს - კაცის, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით და საბრძოლო სულისკვეთებით პატარა ქვეყნიდან დიდ წარმატებას მიაღწია - მიზნისთვის თავგანწირული ქართველი მებრძოლის, რომელმაც საქართველო ოკეანის მიღმა ჩაიტანა და ოცნებებიც აიხდინა.

დღის ამბები