დაუსრულებელი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - თინა ბოკუჩავა, ამჯერად, პარტიაში სააკაშვილის მიერ მართვის ახალი მოდელის დანერგვას და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს. ამჯერად პარტიაში განხეთქილების მიზეზი ე.წ. "რეფორმატორთა საბჭოა", რომლის აღმასრულებელი მდივანიც სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. თავად ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ პირველი ვისაც პატიმარმა პრეზიდენტმა საბჭოში ადგილი შესთავაზა ბოკუჩავა იყო.
დროებითი მმართველები ყრილობაზე უნდა დაინიშნონ, რომელიც ივლისის ბოლოს იგეგმება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პატიმარი სააკაშვილი სტრუქტურული ცვლილებებით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას უშედეგოდ ცდილობს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რებრენდინგი ვერ გადაარჩენს.
"ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობა უარყო და საკუთარ ქვეყანას ამხელა უბედურება დამართა, ახლა დაიწყო ახალი სახეების წამოწევა თავისი გადმოსახედიდან, რომელია ახალი სახე? - ყველა მათგანი არის დამნაშავეთა კრებულის წარმომადგენლობა.
ეს ძალა არის დამთავრებული და გაკოტრებული უკვე, რაღაცნაირად სურთ, რომ თავიანთი გარე აქტორების წინაშე აგენტურის ფუნქცია შეინარჩუნონ. რებრენდინგი ამ პარტიას ვერ გადაარჩენს, რადგან ქართველმა ხალხმა ამ პარტიას უთხრა უარი დიდი ხნის წინ,"- აცხადებს სოსიაშვილი.