პირველად ისტორიაში, სერბეთის დედაქალაქმა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებს უმასპინძლა. მეორე დღეა პოლიტიკური ლიდერებისთვის პოლიტიკური დიალოგის ცენტრი ბელგრადია. ორდღიანი მაღალი დონის შეხვედრებისა და დისკუსიების მთავარი შედეგი კი, ბელგრადის დეკლარაციაა. დოკუმენტი, რომლითაც კანდიდატი სახელმწიფოები ევროინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. სერბეთის შემდეგ, კანდიდატი ქვეყნების ლიდერების მასპინძელი მოლდოვა იქნება.
ბელგრადის დეკლარაციამდე კი იყო სერბეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეების შეხვედრა. ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზა და ამ გზაზე არსებული გამოწვევები - პირველმა კანონმდებლებმა სერბეთ-საქართველოს კავშირების გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
სერბეთისა და უკრაინის ინიციატივით ორგანიზებული პირველი კონფერენციის მთავარი მიზანი, საპარლამენტო დიალოგის გაღრმავება, პოზიციების კოორდინაცია და ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთის მხარდაჭერაა. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოები მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულები რჩებიან, ერთი გზა აქვთ და ეს გზა ევროკავშირისკენ მიდის.
როგორ გაგრძელდება მუდმივ ფორმატში კანდიდატი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობა და რა პერსპექტივა აქვს ბელგრადის დეკლარაციას? - ორდღიანი ვიზიტი შალვა პაპუაშვილმა შეაჯამა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატი ქვეყნები არა უბრალოდ ობიექტები, არამედ ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები უნდა იყვნენ.
სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, პირველი კანონმდებლების პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. სპიკერმა ბრიუსელის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად პოლიტიკურ შანტაჟზეც ისაუბრა.