08 ივლისი 2026,   22:51
ვრცლად
დეკლარაციის შესწორებული ვერსია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას უხეშად ამახინჯებს და საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს - ნიკოლოზ სამხარაძე ჰააგის დეკლარაციაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო ვილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს. 

"ვინაიდან დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად ამახინჯებს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს, როგორც არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ისე "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ჰააგაში - საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს, საქართველოს საკითხის გარდა, განცხადებები გაკეთდა სომხეთსა და მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. გაკეთდა კრიტიკული განცხადებებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მოლდოვისა და სომხეთის მთავრობების ლეგიტიმაციის საკითხი ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ, რაც "ქართული ოცნებისთვის" ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.

დღის ამბები