ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის თქმით, ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია საქართველოს მტრების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება.
"საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღსაქმელად და საქართველოს მიმართ მცდარი წარმოდგენების ჩამოსაყალიბებლად.
ასეთი მიდგომა და ორმაგი სტანდარტები მხოლოდ კიდევ უფრო აზიანებს გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას. ამ გზით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრები კი უსამართლო ჩანაწერზე და ჯო უილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხის გარდა განცხადებები გაკეთდა სომხეთსა და მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. გაკეთდა კრიტიკული განცხადებებიც, თუმცა ამის მიუხედავად მოლდოვის და სომხეთი მთავრობების ლეგიტიმაციის საკითხი ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ, რაც "ქართული ოცნებისთვის" ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.