ბაჩო ახალაიას 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე, რომელიც ხელისუფლების დამხობის შესახებ მის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხება განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
პროცესს ბრალდებული არ დასწრებია, მან არ ისარგებლა არც დასკვნითი სიტყვით.
ბაჩო ახალაიას დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
საქმის პროკურორის ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
"საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალია დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში, რაც გულისხმობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, ანუ სახელმწიფო დამხობისკენ და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ საჯაროდ მოწოდებას.
მოცემულ შემთხვევაში, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, მუხლი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, ელოდა ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენს მიერ გამოკვლეული და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ, რომ სწორედ ბაჩანა ახალაიამ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაშიც უკვე დამნაშავედ იქნა ცნობილი", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.