უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის მონუმენტი გაიხსნა. მონუმენტი ვარკეთილში უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში დაიდგა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უზბეკეთის პრეზიდენტი, დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
"ალიშერ ნავოი უზბეკი ხალხის ეროვნული სიამაყე და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება საუკუნეების შემდეგაც ადამიანებს ჰუმანიზმის, განათლების, სიბრძნისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას ახსენებს. ალიშერ ნავოის მოღვაწეობა შთაგონების წყაროა უზბეკური ენის შემსწავლელებისთვის, მკვლევრებისთვის და კულტურის მოყვარულთათვის. თბილისში, ამგვარი დიდი მოღვაწის ძეგლის არსებობა მნიშვნელოვანია მისი შემოქმედების აღიარებისა და დაფასების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ეს მონუმენტი ჩვენი ხალხების მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცევა", - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.