01 ივლისი 2026,   20:38
ვრცლად
სასამართლომ, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის, თამაზ ქარჩავა 4 000 ლარით, გოჩა მშვენიერაძე 1500 ლარით, ხოლო იოსებ ჭუაძე 2000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. ბრალდებული 4 000 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში მოსამართლე გიორგი გელაშვილის შეურაცხყოფისთვის.

თბილისის გარდა, დღეს პროცესები ჩატარდა რუსთავის საქალაქო სასამართლოშიც. 1 500 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ გოჩა მშვენიერაძე, რომელმაც სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" დედაქალაქის მერის მისამართით ზიზღის ენა გამოიყენა.

9 ივლისს სოლომონ მეტრეველის საქმის განხილვა გაგრძელდება, რომელმაც შეურაცხყოფა ვლადიმერ ბოჟაძესა და ლევან მურუსიძეს მიაყენა. თელავის რაიონულმა სასამართლომ კი 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა იოსებ ჭუაძეს.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მონიტორინგის პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, ანი კაკიაშვილი საუბრობს.

"აღნიშნული სამმართველო, ფუნქციონირების დაწყების დღიდან, აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს თითოეულ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას და სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში, სამმართველოს ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია თუნდაც იმ მიზნებისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სიძულვილის ენის შემცირება და შესაბამისად, პროცესის გაუმჯობესება ამ მიმართულებით," - განაცხადა ანი კაკიაშვილმა.

სასამართლო სხდომის დეტალებსა და ბრალდებულის პოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, ნათია გიგლემიანი განმარტავს.

"აღნიშნულ პიროვნებას არ უარყვია ის ფაქტი, რომ ფლობს "ფეისბუკს", რომ შეიძლება დაეწერა აღნიშნული კომენტარი და შეიძლება ემოციურ ფონზე დაწერა აღნიშნული. მოსამართლემ მიიჩნია ის სამართალდამრღვევად და დააჯარიმა," - განაცხადა ნათია გიგლემიანმა.

დღის ამბები