01 ივლისი 2026,   16:03
ვრცლად
Moody’s-ის ჩათვლით, სამივე სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა თავის პერსპექტივა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე აისახება - ნინო ჯელაძე

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა.

Moody’s-ი აღნიშნავს, რომ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად ქვეყნის არსებული ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა კი, შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე.

Moody’s ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.

სარეიტინგო სააგენტოს დადებით შეფასებაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ნინო ჯელაძის განცხადებით, სააგენტოების შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც გარე ინვესტორები ითვალისწინებენ.

"პოზიტიურად არის შეფასებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ ფინანსური და საჯარო ინსტიტუტების სიძლიერეს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას სებ-ის მმართველობასთან მიმართებაში.

სარეიტინგო სააგენტოების შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც გარე ინვესტორები ითვალისწინებენ. Moody’s-ის ჩათვლით, სამივე სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა თავის პერსპექტივა, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, რისკის შეფასებაზე, მოზიდული სახსრების ფასებსა და შესაბამისად საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახება", - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

დღის ამბები