აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს - ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა.
ალექსანდრე ბათუმელია და მიუხედავად ასაკისა, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და ფინანსების მიმართულებით ათამდე ინოვაციური პროექტის ავტორია, რომელთაგან ცხრამ ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ამერიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე. ალექსანდრე ცეცხლაძე, როგორც ნოვატორი პროგრამისტი, ბოლო სამი წელია მონაწილეობს საერთაშორისო "ჰაკათონებში". 2025 წელს კი, ბელგიაში გამართულ კონკურსში, რომელშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ალექსანდრე მის გუნდთან ერთად, ტოპათეულში მოხვდა.
"დღეს შევხვდით ახალგაზრდა გამომგონებელს, აჭარის მკვიდრს - ალექსანდრე ცეცხლაძეს, რომელიც ცხრა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი ინოვაციები კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და განათლების მიმართულებით უკვე საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. სწორედ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მნიშვნელოვანი სფერო. მადლობას ვუხდით ალექსანდრე ცეცხლაძეს იმ წარმატებისთვის, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლაშა სირაბიძე.
საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ახალგაზრდა გამომგონებელს მადლობა გადაუხადეს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის და შემდომი წარმატებები უსურვეს.