21 ივნისი 2026,   14:47
ვრცლად
რუსთავში კონკურს-ფესტივალი "ქართული" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული-2026" ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.

„ქართულის“ ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გრან-პრის, პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, სცენიდან რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ დაასახელეს.

„ქართულის" გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა.

ფესტივალის გრან-პრი და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო, რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლს - „ნატო“ გადაეცა, პირველი ადგილის მფლობელი ანსამბლი „არტადონი“ გახდა, მეორე ადგილი - „მარაბდა“, მესამე - „გენია“.

რუსთავის მერიის სპეციალური პრიზი გადაეცა ფესტივალზე ფოკადან ჩამოსულ ანსამბლს - „ფოკას სხივები“, საუკეთესო ქართულის ნომინაციაში კი ჟიურის გადაწყეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა საბერძნეთის ქართული დიასპორის ანსამბლი „კავკასია“.

კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც იყვნენ ჩართულები. „ქართულს“ წელს 3 ათასი მონაწილე ჰყავდა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილი სივრცე, მონაწილეებსა და სტუმრებს 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მასპინძლობდა. „ქართული“ გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთი მთავარი და მასშტაბური კულტურული მოვლენა იყო. „ქართული-2026“ ქრისტიანობის 1700 წლისთავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.

დღის ამბები