საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტს, ალან მიჩელს შეხვდა.
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ. მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა, ძალიან პოზიტიურად შეფასდა:
"შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა, რაც არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად გახსნილი და გამჭვირვალე, პენიტენციური სისტემა არის გახსნილი და ყოველთვის ევროსაბჭოს წარმოების პრევენციის კომიტეტს და სხვა მონიტორინგის ორგანოებს აქვთ სრული დაშვება და წვდომა პენიტენციურ სისტემაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არის გახსნილი და გამჭვირვალე,"- აცხადებს ბექა ძამაშვილი.
შეგახსენებთ, დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.