იუსტიციის მინისტრი ალან მიჩელს შეხვდა. პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.
ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტი ალან მიჩელი აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა არაერთი პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს.
"ვიზიტის ფარგლებში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომიტეტის წევრებმა მოინახულეს საქართველოს არაერთი პენიტენციური დაწესებულება, ასევე, რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორი. აღნიშნული არაგეგმური ვიზიტის ანგარიში კომიტეტის მიერ განიხილება ნოემბრის პლენარულ სხდომაზე და შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას.
კომიტეტი იმედს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და მისი რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების თაობაზე,"- აცხადებს მიჩელი.