შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭისთან და თანმხლებ დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მასპინძლობით იმართება, საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება.
ორი ქვეყნისთვის აქტუალური მიდგომებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მხარეებს შორის შედგა სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვების ურთიერთგაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო გზებზე მსჯელობა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩინეთის დელეგაციის გაცნობითი და სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.