13 აგვისტო 2026,   22:35
ვრცლად
არსებობს ორმაგი სტანდარტები - ის, რაც ერთ ქვეყანაში "დაცვად" მიიჩნევა, სხვაში "შეზღუდვად" ფასდება - შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე კოლეგებს სიტყვით მიმართა

ეროვნული ინტერესები, როგორც საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი და ბრძოლა ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე კოლეგებს სიტყვით მიმართა.

ფორუმზე, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული პროცესები ხალხის სუვერენულ ნებას უნდა ეფუძნებოდეს და არა საგარეო ჩარევას.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის დაცვა დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცეზე გადის.

"გაურკვევლობის ეპოქაში, ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ - გაძლიერდეს. ჩვენ არ ვართ ისტორიაზე დამკვირვებლები. ჩვენ მისი ავტორები ვართ.

ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება. შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება: ეროვნული ინტერესი. ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ჭეშმარიტი კომპასი - არა აბსტრაქტული დოქტრინები, არა თავსმოხვეული იდეოლოგიები, არა ხელოვნურ ღირებულებათა სისტემები, რომლებიც ხალხის ნებას არის მოწყვეტილი.

ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება. დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია.

სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა გაერთიანებულ სამეფოში ან
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში "დაცვად" მიიჩნევა, სხვაში "შეზღუდვად" ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები