18 ივნისი 2026,   18:38
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მთავრობას თაღლითობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გაჭიანურებაში ედება ბრალი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თაღლითობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ანგარიშის მომზადების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს, რომელიც მოიცავს რეკომენდაციას დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელის გაორმაგების შესახებ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

წამყვანი იურისტი ჯონათან ფიშერი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მთავრობამ 2023 წელს თაღლითობის შესახებ კანონმდებლობის დამოუკიდებელი მიმოხილვის თავმჯდომარედ დანიშნა.

პირველი ნაწილი, რომელიც დანაშაულის გამჟღავნების რეჟიმს ეხება, გასულ წელს გამოქვეყნდა. მეორე ნაწილი, რომელიც ციფრულ ეპოქაში თაღლითობის უკეთ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებაა, შინაგან საქმეთა მინისტრს დეკემბერში წარედგინა და მოსალოდნელი იყო, რომ გამოქვეყნდებოდა მანამ, სანამ მთავრობა მომავალ თვეში, ვენაში დაგეგმილ სამიტზე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას წარადგენდა.

თუმცა, სიტუაციის მცოდნე მაღალჩინოსნის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავრობა ანგარიშს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის წარდგენამდე გამოაქვეყნებს. მისივე თქმით, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავრობა მის გამოქვეყნებას საერთოდ განიხილავდეს.

ანგარიშის შინაარსის მცოდნე მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ის შეიცავს რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელებაც მთავრობას გაუჭირდება და დასკვნებს, რომლებიც მინისტრებმა შეიძლება უსარგებლოდ აღიქვან.

წყაროს ცნობით, ეს მოიცავს რეკომენდაციას თაღლითობისთვის მაქსიმალური სასჯელის გაორმაგების შესახებ, რომელიც ამჟამად 10 წელია, მაშინ როდესაც ციხეების გადატვირთვა პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას იწვევს. დამოუკიდებელი მიმოხილვის რეკომენდაციები მაქსიმალური სასჯელის 20 წლამდე გაზრდას მოიცავს.

დღის ამბები