ფოთის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე პროცესი 25 ივნისამდე გადადო.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეს "ფეისბუკზე" პრემიერ-მინისტრის მისამართით უცენზურო კომენტარის დაწერას ედავება.
დღესვე, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს კიდევ ერთ სავარაუდო კანონდარღვევაზე უნდა ემსჯელა. საუბარია სოციალურ ქსელში ლევან ისაშვილის მიერ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე, რომლის ადრესატი დეპუტატი ირაკლი ზარქუა იყო. ორივე მოქალაქეს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
"აღნიშნულმა პიროვნებამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ირაკლი ზარქუას სოციალურ ქსელ "ფეისბუკში". ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო და იდენტიფიცირდა სავარაუდო სამართალდარღვევა და აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში მოძიებულ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმის მასალები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად სასამართლოში გადაიგზავნა. თუმცა, დღევანდელი სასამართლო სხდომა გადაიდო,"- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა კაკიაშვილი.