რუსთავს კონკურს-ფესტივალის "ქართულის" ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა.
დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიიღეს.
ინეგოლის დელეგაციის წევრები რუსთავში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაესწრებიან ქორეოგრაფიული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას და თანამედროვე ქალაქთან ერთად, რუსთავის ისტორიის ამსახველ ისტორიულ მუზეუმსაც დაათვალიერებენ, ადგილზე ნახავენ რუსთავის ციხეს და იქ მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასაც გაეცნობიან.
რუსთავი და ქალაქი ინეგოლი დამეგობრებულ ქალაქებად 1993 წლიდან ითვლება.
ინეგოლში მოქმედი ქართული სათვისტომო, თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული პირველი ქართული სათვისტომოა და ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი, ეთნიკურად ქართული წარმომავლობისაა.