განსხვავება მხოლოდ კენჭისყრის თარიღებსა და შედეგებშია - იცვლება მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, თუმცა არა შინაარსი. ეს ევროპარლამენტის წინა წლების რეზოლუციებია..
2024 და 2025 წლის დოკუმენტები ფაქტობრივად გუშინ მიღებულის ანალოგია..
დემოკრატიის უკუსვლა, ახალი არჩევნები, ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხელისუფლების თანამდებობის პირების, მათ შორის სასამართლო და ძალოვანი სისტემის წარმომადგენელთა დასანქცირება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა - მოწოდებები წლებია მეორდება, დროის გარკვეული ინტერვალით, ევროპარლამენტის რეზოლუციებში ერთი და იგივე მოთხოვნები იწერება, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი მყარი არგუმენტია ხმამაღლა თქვას, რომ ევრობიუროკრატები რეზოლუციებზე მუშაობისას ერთი ჩარჩო დოკუმენტით ხელმძღვანელობენ და არა წინასწარი შეფასებით ან ფაქტების გაანალიზებით..
პათოსი ყოველ ჯერზე იდენტურია, თუმცა რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ, რიგით მერვე რეზოლუციაში ჩნდება ახალი მოწოდებაც.
ლუსტრაცია, რომ ევრობიუროკრატები მხარს არა ქართველ ხალხს, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელ კატეგორიას უჭერენ - ეს მმართველი პარტიის შეფასებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბრიუსელი საქართველოში საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის პოლიტიკას განაგრძობს და ცდილობს დასაჯოს ის, ვინც მათ პოლიტიკურ ნარატივს არ იზიარებს.
რატომ ხდება ქართველი ხალხის პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია? ხელისუფლების ოპონენტებს მკაფიო პასუხი არ აქვთ, თუმცა ჩანაწერის გამართლებას სხვადასხვაგვარად ცდილობენ, მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობაც", რომელიც ვერც იმას ხსნის, თუ რატომ დგას დღის წესრიგში მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლების მოთხოვნა.
ევროკომისიასთან მხოლოდ გარკვეულ აქტივისტებს, სტუდენტებს და ჟურნალისტებს შუამდგომლობენ. პარალელურად კი იგივე ევროპარლამენტარები კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებული დამოკიდებულება მმართველ გუნდს დიდი ხანია არ უკვირს. მათი თქმით, ევრობიუროკრატები მიზნებს არ ცვლიან, თუმცა ცდილობენ შეცვალონ საშუალებები მათი გამართლებისთვის.
ევროპარლამენტი დღის წესრიგიდან არ ხსნის არც გამჭვირვალობისა და ოჯახურები ღირებულებების შესახებ კანონმდებლობას. ერთ შემთხვევაში გამოთქვამენ შეშფოთებას, მეორე შემთხვევაში კი ითხოვენ გაუქმებას.