ფრონტის ხაზი საკუთარ რიგებში, კულუარული გადატრიალებიდან 24 საათში გაავლეს. მიშას ფლანგის "ნაციონალებმა" პოლიტიკური ომი დღეს თანამდებობიდან, ვადაზე ადრე გაძევებულ თავმჯდომარეს უკვე გამოუცხადეს. ერთ დღეში, ერთი ბოკუჩავას წინააღმდეგ და ერთი ჟორჟოლიანის ბანაკში გადასულმა მთელმა პარტიამ ფსონი ხისტ მეთოდებზე და მუქარის შემცველ გზავნილებზე დადო.
ეს რჩევა არ არის, მკაცრი ულტიმატუმია თავმჯდომარისთვის, ვინც ლიდერის კრიტიკა უკვე საჯაროდ გაბედა. მიშას ფიგურა პარტიაში ისევ წითელ ხაზად რჩება, თუმცა ჟორჟოლიანზე დადებული სააკაშვილის ფსონით გაღიზიანებულ ბოკუჩავას ეს გუშინ არც გახსენებია.
პარტიული მიწისძვრის მთავარი მიზეზი სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელმაც როგორც ჩანს მიშას ერთგულებაზე უფრო ხმამაღლა დაიფიცა, ვიდრე ბოკუჩავამ. სასწორის პინაც ლოგიკურად მისკენ გადაიხარა, ამიტომ, სააკაშვილის თვალში სრული პოლიტიკური უპირატესობისთვის და სააკაშვილის მითითებით ქუჩა-ქუჩა სიარულიც დაიწყო - ასე ხედავს პარტიის კრიზის მენეჯერობას, მომავალი თავმჯდომარე, რომელიც ფორმალურად პარტიაშია, თუმცა ჯერ მაინც ოდნავ შორს.
ძალთა ბალანსი ციხიდან ნათქვამმა ერთმა სიტყვამ შეცვალა, 1 წამში დაინგრა ფასადური ერთიანობის მითიც - ზოგმა თქვა, რომ ნაციონალების ირგვლივ დრამა ვერ შედგება, ზოგი კი უკვე ინსტიტუციურ კრიზისზე, სტაგნაციასა, უფულობასა და პოლიტიკურ უმოქმედობაზე ალაპარაკდა.
ის, რაც შიდაპარტიულ კედლებს გასცდა და საჯარო სივრცეში აფეთქდა, ბევრჯერ უნახავთ სხვაგან გადაბარგებულ "ნაციონალებს," თუმცა ძველები თავს არიდებენ თქვან, რას ვხედავთ დღეს მიშას გუნდში? იდეოლოგიურ ბრძოლას, თუ გადარჩენის ინსტინქტს?
სახელისუფლებო გუნდისთვის, ნაციონალების პოლიტიკური ლიკვიდაცია ფაქტობრივი მოცემულობაა. პროცესი შეუქცევადი, შედეგი კი მძიმე, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილისთვის, ასევე მასთან დაკავშირებული თითოეული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დირექტივებს უკვე წლებია უცხოელი დონორებისგან იღებს.
რევოლუციის იდეით შეპყრობილმა სააკაშვილმა, რევოლუცია ამჯერად თავის პარტიაში და ერთი წერილით მოაწყო - თინა გაუშვა, ნანუკა შეუშვა.
ღია ომში კი კითხვა ერთია: ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მიშას სახელით პარტიული სისტემიდან გააძევებენ?