18 ივნისი 2026,   18:35
ვრცლად
ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას აძლიერებს - წითელ და ხმელთაშუა ზღვებში შტატების 16 სამხედრო ხომალდია განლაგებული

პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ძალოვნების დასჯა, რომლებმაც აქციების დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს და დაკავებულების გათავისუფლება - ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც ირანის უმსხვილეს უნივერსიტეტებში სტუდენტებმა სწავლის პირველივე დღეს დააყენეს. ანტისამთავრობო პროტესტს ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერი სტუდენტები დაუპირისპირდნენ.

ქვეყანაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების ფონზე, თეირანზე ზეწოლას აძლიერებს ვაშინგტონი. რეგიონში უკვე დისლოცირებულია ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი". მსოფლიოში უმსხვილესმა ავიამზიდმა, "ჯერალდ ფორდმა" კი, გიბრალტარის სრუტე გადაკვეთა და ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. არაბეთის, წითელ და ხმელთაშუა ზღვებში, ახლა შტატების 16 სამხედრო ხომალდია განლაგებული.

ცნობილია, რომ რეგიონში სამხედრო ძალის მობილიზებით ვაშინგტონი ცდილობს დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან თეირანი საკუთარ პირობებზე დაითანხმოს. კონკრეტულ მოთხოვნებს ირანელი დიპლომატები მიმდინარე კვირას, ჟენევაში მოისმენენ. ტრამპის ადმინისტრაცია ისლამური რესპუბლიკისგან ურანის გამდიდრებაზე უარის თქმას, რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას და სარაკეტო პროგრამაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.

ვაშინგტონს პასუხობს თეირანი. ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა მზად არის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოს. ამავდროულად, უწყება ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, ირანი თავდაცვისთვის ყველა შესაძლო ზომას გამოიყენებს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე, დასავლეთის სპეცსამსახურები ირანისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობენ. ინფორმაცია "ნიუ-იორკ თაიმსმა" მოიპოვა. გამოცემის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმის ბრძანებას გასცემს, ისლამური რესპუბლიკა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, მოკავშირეების დახმარებით ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებს განახორციელებს.

თეირანს მხარდაჭერას უცხადებს ოფიციალური მოსკოვი. მხარეებმა ომანის ყურეში სამხედრო-საზღვაო წვრთნებიც გამართეს. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, მანევრები სწორედ იმ აკვატორიაში ჩატარდა, სადაც ნავთობის გადაზიდვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარშრუტი გადის. ცნობილია ისიც, რომ ირანმა რუსეთთან 500 მილიონი ევროს ღირებულების საიდუმლო შეთანხმება გააფორმა. "ფაინენშალ თაიმსი" წერს, რომ გარიგება სარაკეტო სისტემების შესყიდვას ითვალისწინებს, თეირანი 2025 წლის კონფლიქტის დროს განადგურებული საჰაერო თავდაცვის სისტემის აღდგენას გეგმავს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები