პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების თავმჯდომარეები.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა ისაუბრეს მიგრაციის და დემოგრაფიის საკითხებზე. ასევე, შეაფასეს პრემიერის სიტყვით გამოსვლა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე, ლადო ბოჟაძე: "ფაქტია, რომ 20 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ჩვენს მოქალაქეებს ართმევენ, მათ შორის, სწორედ არალეგალი მიგრანტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროებში, სადაც ისინი არალეგალურად არიან დასაქმებულები, ერთის მხრივ, პირველი მარტიდან გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, კანონიერი გახდეს მათი დასაქმება და, მეორეს მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა აქტიურად გამოაცხადონ ვაკანსიები, რომელ ბიზნესს რა საჭიროებები აქვს."
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე: "გარე მიგრაციული სურათი წლების განმავლობაში არასახარბიელოა, თუმცა ყველაზე მეტი სიმძიმე შეინიშნებოდა 2009, 2010, 2011 წლებში, როდესაც ორნიშნა მაჩვენებელი იყო უარყოფითი მიგრაციული სალდო. მხოლოდ 2023 წელს დაფიქსირდა ორნიშნა უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი - ეს განპირობებული იყო უკრაინის ომით და, ბოლო წლებში პირველად, დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი."
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა: "რატომ ვერ ჩამოყალიბდა ამდენი წლის განმავლობაში ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა? რატომ არ არსებობს ეფექტური მონიტორინგის სისტემა ქვეყანაში მყოფ უცხოელებზე? ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს არის დემოგრაფიული, სოციალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი."
ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მიმართა:
"მივმართავ ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს - არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე როდესაც ვმუშაობდით, თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიქეცით - ვერც უარყავით, ვერც დაადასტურეთ და უბრალოდ გაიქეცით, დარბაზშიც არ ყოფილხართ, სამარცხვინოდ. ასევე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გსიამოვნებთ, როცა გახსენებთ და, კი ბატონო, შეგახსენებთ ყოველთვის, რას წარმოადგენთ და რა ძალას წარმოადგენთ. იმიტომ გაიქეცით, რომ გითხრეს - გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაზე პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და გვესაუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. ეს არის დავალებები, რაც მოგდით - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ყველაფერს."