მმართველი გუნდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს. მათი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე. 3 000 ტონა ტვირთი, სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ.
ოპოზიციამ კი საქართველო ომის თანამონაწილედ გამოაცხადა და ცდილობდა მტკიცებას, რომ ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი.
მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთის წლიურ მოხმარებასთან შედარებით ეს რაოდენობა სულ რაღაც 0.001%-ია. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს, მათი მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაა.
"საქართველო წლების განმავლობაში ეხმარება ჰუმანიტარული თვალსაზრისით აფხაზეთში ჩვენ თანამოქალაქეებს და არა მხოლოდ - სამედიცინო დახმარება სხვადასხვა პროექტები. ეს აქტი არა მხოლოდ ანტიუკრაინული ნაბიჯია, არამედ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია ხალხო. იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით ჩვენ, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება კი არა, უზრუნველვყავით, მათ შორის ამ რეჟიმმა, უზრუნველვყო საოკუპაციო რეჟიმის დახმარება," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
"უნდა იქნას გაცემული პასუხი იმასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იქნა თუ არა აღნიშნული ქმედება განხორციელებული და აღნიშნული ქმედების განხორციელებისას, დაცულია თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესები," - განაცხადა ლევან სამუშიამ.