2026 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მაღალი მოდის სამყაროში - დღეს, New York Fashion Week-ის 6 დღიანი მარათონი დასრულდა. კვირეულის, რომელმაც წელსაც დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ეს ქალაქი გლობალური მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად რჩება, სადაც არა მხოლოდ სტილი, არამედ კულტურა, ეკონომიკა და სოციალური განწყობები იკვეთება.
რალფ ლორენის ამბოხება, ჯიჯი ჰადიდის განუმეორებელი სიარული პოდიუმზე და ახალი საშემოდგომო კოლექცია, რომელსაც ნიუ-იორკში ოვაციების ზღვა მოყვა.
კვირეულის ხაზი ჯერ კიდევ გახსნამდე Ralph Lauren-მა განსაზღვრა. "მინი ამბოხი" New York Fashion Week 2026 წლის მოდის კვირეულისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
მუქი ტონები, ნაცრისფერი კორსეტის პიჯაკები, ხავერდი და კრისტალის ბროშები - ისტორიული სივრცე, სადაც ინგლისური სოფლის ზღაპრული გარემო იყო შექმნილი, ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა გახსნა.
"მე მიყვარს მოდის თავგადასავალი" - დიზაინერის თქმით, მის მიერ შექმნილ ქალს უნიკალური იდენტობა აქვს. ის არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ საკუთარი ისტორიის მატარებელიცაა.
სტუმრების სიაში, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ, მათ შორის, ან ჰეტევეი. მსახიობი ღონისძიებაზე ანნა ვინტურთან ერთად გამოჩნდა.
კვირეულის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა - Michael Kors-ის ჩვენება გახდა, რომელიც ბრენდის 45-წლიან იუბილეს მიეძღვნა. კრისტალის ჭაღები და შაგალის დაუვიწყარი მხატვრობა - მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში გამართულ შოუს უმა თურმანი, დაკოტა ფენინგი და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.
გრძელი, მდიდრული კაბები, მაღალი ხარისხის ქსოვილები, კლასიკური, მაგრამ თანამედროვე ფორმები - შოუს ატმოსფერო მინიმალისტური დიზაინით განისაზღვრა. ყურადღება მთლიანად ტანისამოსზე გადავიდა. ყველაფერი კი ერთი იდეის გარშემო იყო - რომ სილამაზე სიმარტივეშია.
Michael Kors-ის ეს ჩვენება უკვე შეფასდა, როგორც კარიერის ზეიმი, რომელიც დრამატულობას, ნიუ-იორკულ შარმსა და კლასიკას აერთიანებდა.
ისტორიულად არანაკლებ გამორჩეული იყო Carolina Herrera - ელეგანტური, კლასიკური და დახვეწილი. ბრენდის მთავარი გზავნილი იყო: ქალი, რომელიც ელეგანტურია, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ძლიერი.
მსოფლიო მოდას ნიუ-იორკიდან უკვე გაუგზავნეს გზავნილი - თანამედროვე ფორმით დაბრუნებული კლასიკა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი