მმართველი გუნდის შეფასებით, გია ბარამიძის განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთის ომში დანაშაულის ჩადენას აბრალებს, კარგად ორგანიზებული და გარედან მიღებული დავალებაა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2008 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1633-ე რეზოლუციაზე ხელმოწერის პირდაპირი გაგრძელებაა, რითაც მაშინ ოპოზიციამ საკუთარ ჯარს ომის დანაშაული დააბრალა.
"ეს იგივე სულისკვეთებაა, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის პასეს [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელებაა დღეს.
არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ, ახლა უკვე ბარამიძის ხელით გადასწვდნენ 1990-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება. არავინ ეკითხება არც ბარამიძეს, არც ამ აქტივისტურ-პოლიტიკურ ჯგუფებს რას იტყვიან, როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული მისდით მათ, რა უნდა თქვან, ვის რა უნდა დააბრალონ, როდის რა უნდა გაათეთრონ და როდის რა უნდა გააშავონ. ასე რომ, აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რამაც ვეტერანებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია.